მიწის ნაკვეთების რეგისტრაციასთან დაკავშირებით „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ ხორციელდება მიწის ნაკვეთის რეგისტრაციისათვის მომზადებული საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზების საფასურის ანაზღაურება ამზომველებისთვის.

მითითებული კანონის საფუძველზე გამოიცა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანება, რომელიც არეგულირებს წარმოებული საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოების საფასურის  ანაზღაურების საკითხს. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ ხორციელდება მხოლოდ სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების აზომვითი სამუშაოების დაფინანსება, ამზომველის მიერ შესრულებული სამუშაოს ანაზღაურების გზით.

ანაზღაურების წესი და პირობები:

ა) 1,5 ჰა-მდე მიწაზე – ერთ სარეგისტრაციო ობიექტზე არაუმეტეს  80 ლარის ოდენობით;
ბ) 1,5 ჰა-დან  5 ჰა-მდე მიწაზე – ერთ სარეგისტრაციო ობიექტზე არაუმეტეს 100 ლარის ოდენობით;”

ანაზღაურებას არ ექვემდებარება მიწის აზომვაზე გაწეული ხარჯები, თუ დაინტერესებული პირის საკუთრების უფლების დამდგენი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწა, რეესტრში დარეგისტრირდა გეოგრაფიულად ერთმანეთის მომიჯნავე ცალკე რეგისტრაციის ობიექტებად (სხვადასხვა საკადასტრო კოდის მქონე დამოუკიდებელ მიწის ნაკვეთებად).

პროცესი იწყება დაინტერესებული მხარის მიერ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში განაცხადის წარდგენის გზით, მიწის პირველადი რეგისტრაციის ან/და დაზუსტებული მონაცემებით რეგისტრაციის მიზნით.

დაინტერესებული პირი სახელმწიფო პროექტის ფარგლებში, რეგისტრაციის მიზნით წარადგენს კანონმდებლობით განსაზღრულ დოკუმენტაციას, მათ შორის, აზომვითი ნახაზების მომზადების დამადასტურებელ დოკუმენტაციას.

თუ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, განხორციელდება საკუთრების უფლების რეგისტრაცია, რეგისტრაციის დასრულებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ელექტრონული პორტალის (economy.napr.gov.ge)  მეშვეობით წარუდგენს სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს დაინტერესებულ მხარესა და ამზომველს შორის გაფორმებული ხელშეკრულებას,  (ხელშეკრულება შესაძლოა მოიცავდეს ანგარიშის რეკვიზიტებს და ასახავდეს მომსახურების ხარჯებს) შესრულებული სამუშაოს დამადასტურებელი მიღება-ჩაბარების აქტს, გაწეული მომსახურების ხარჯების და ამზომველის საბანკო ანგარიშის რეკვიზიტების ამსახველ დოკუმენტს შემდგომში ხარჯების ანაზღაურების მიზნით.

თუ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან ანაზღაურებასთან დაკავშირებით მიღებული დოკუმენტაცია სრულყოფილია, მაშინ, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ განხორციელდება საკადასტრო აზომვითი ნახაზების მომზადებისთვის  გაწეული ხარჯების ანაზღაურება ამზომველისთვის საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მომართვიდან 10 სამუშაო დღის ვადაში.

დაინტერესებული პირი პასუხისმგებელია ამ წესის შესაბამისად წარდგენილი დოკუმენტაციისა და მასში მოყვანილი ინფორმაციის ნამდვილობასა და სიზუსტეზე.

სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ 10 სამუშაო დღის ვადაში შესაბამისი ხარჯების ანაზღაურების განუხორციელებლობა ჩაითვლება ანაზღაურებაზე უარის თქმად, რაც შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს საერთო სასამართლოში, კანონმდებლობით დადგენილი წესით.

დაინტერესებულ პირთა მიერ ანაზღაურების მიღების მიზნებისთვის სსიპ - საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში განაცხადის წარდგენის ვადაა არაუგვიანეს 2017 წლის 30 ივნისი.

ამზომველსა და დაინტერესებულ პირს შორის გასაფორმებელი ხელშეკრულების ნიმუში

დაინტერესებული პირის სურვილის შემთხვევაში ასევე შესაძლებელია თავისუფალი ფორმატის ხელშეკრულების გაფორმება.

ამზომველების მონაცემთა ბაზა