ხობში ცემენტის ნაკეთობათა საწარმო აშენდება
დრო: 2019-01-23 17:53:44

ხობში ცემენტის ნაკეთობათა საწარმო აშენდება, რომელიც ევრო სტანდარტების შესაბამისი დანადგარებით იქნება აღჭურვილი. საწარმოს ასაშენებლად და ფუნქციონირების დასაწყებად კომპანია 1 700 000 აშშ დოლარის ინვესტიციას განახორციელებს და 30 ადამიანს დაასაქმებს. საწარმო წლიურად 350 000 მეტ ერთეულ ცემენტო–ბეტონისა და რკინა–ბეტონის პროდუქციის წარმოებას უზრუნველყოფს, რომელიც ევრო სტანდარტებთან სრულ შესაბამისობაში იქნება.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ სამთავრობო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში შპს „პრაიმ ბეტონს“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქალაქ ხობში მდებარე 16 686 კვ.მ. უძრავი ქონება გადასცა.

შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში, სულ 2014 წლიდან მხარდაჭერილია 435 პროექტი რომელთა ჯამური ინვესტიციის მოცულობა 1 მილიარდ ლარზე მეტია. აღნიშნული პროექტებით სულ შეიქმნება 16 100-ზე მეტი ახალი სამუშაო ადგილი.

თბილისში ნაწრთობი მინის მწარმოებელი საწარმო გაიხსნება
დრო: 2019-01-09 15:15:34

სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში, თბილისში თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი მინის მწარმოებელი საწარმო გაიხსნება. საწარმოში 1 800 000 ლარის ინვესტიცია განხორციელდება და 20 ადამიანი დასაქმდება.  საწარმოს საქმიანობის ძირითადი მიმართულება ნაწრთობი მინის წარმოებაა, რომელიც ფართოდ გამოიყენება მშენებლობაში, ავეჯის წარმოებაში, ინტერიერსა და ექსტერიერში, ასევე საფასადო სისტემებში. კომპანია ყოველწლიურად სულ მცირე 120 000 მ2  მინის წარმოებას უზრუნველყოფს, რომელიც ადგილობრივი ბაზრისთვის იქნება გათვლილი.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ ბიზნესის ხელშესაწყობისა და ადგილობრივი წარმოების განვითარების მიზნით შპს „გლას სერვისს“ ქალაქ თბილისში, იპოლიტ-ივანოვის ქუჩა #12-ში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 3 507 კვ.მ. უძრავი ქონება გადასცა.

შეგახსენებთ, რომ  სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“  ფარგლებში სულ მხარდაჭერილია 422 პროექტი, რომელთა ჯამური ინვესტიციის მოცულობა 1 მილიარდ ლარზე მეტია.  აღნიშნული პროექტების ფარგლებში სულ 16,100- მდე ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება.

 

რუსთავში მარილის საწარმო აშენდება
დრო: 2018-11-05 16:37:40

 „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში, რუსთავში მარილის მწარმოებელი საწარმო აშენდება. საწარმო წელიწადში 2500 ტონა მარილს აწარმოებს, რომელიც მნიშვნელოვნად ჩაანაცვლებს საქართველოში იმპორტირებულ მარილს. პროდუქციის რეალიზაცია როგორც ადგილობრივ, ასევე ევროკავშირის ბაზარზე განხორციელდება. საწარმოს აღჭურვისა და ფუნქციონერებისათვის ინვესტორი 500 000 ლარზე მეტ ინვესტიციას განახორციელებს. უახლოეს მომავალში მოსახლეობისათვის ხელმისაწვდომი გახადოს ნატურალური, ორგანული, ტრადიციული მეთოდით დამუშავებული მარილი ჰიმალაის მთებიდან, რომელიც ითვლება ერთ–ერთ უსუფთავეს მარილად მსოფლიოში და გამოირჩევა ხელმისაწვდომი ფასით.

შპს „გლობალ ენტერპრაიზს“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ  სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში, ქალაქ რუსთავში, რუსთავი - გარდაბნის გზატკეცილის და მარის არხის მიმდებარე ტერიტორიაზე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 15 512 კვ.მ. უძრავი ქონება საინვესტიციო პირობებით გადასცა.

შეგახსენებთ, რომ 2018 წლის თებერვლის თვის მონაცემებით პროგრამის „აწარმოე საქართველოში“, კერძოდ ინდუსტრიული, სოფლის მეურნეობის, სასტუმროს და ქონების გადაცემის კომპონენტის ფარგლებში მხარდაჭერილია 402 პროექტი, რომელთა ჯამური ინვესტიციის მოცულობა 976 მლნ ლარზე მეტია. პროექტების განხორციელებით ჯამში  15,500- მდე ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება. 

თბილისში პლასტმასის მწარმოებელი საწარმო გაიხსნება
დრო: 2018-11-05 16:36:15

 „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში, ქალაქ თბილისში პლასტმასის მწარმოებელი საწარმო გაიხსნება. საწარმოს ძირითადი მიმართულება სარწყავი ლენტის წარმოებაა, რომელიც ერთ წლიან აგრო კულტურაზე მორგებულ წყლის წერტილოვანი მიწოდების სისტემას წარმოადგენს. პროდუქციის წლიური მოცულობა 200 ტონას შეადგენს. ინვესტორი საწარმოს აღჭურვისა და ფუნქციონერებისათვის 2 068 914 ლარის ინვესტიციას განახორციელებს და პირველ ეტაპზე 17 ადამიანს დაასაქმებს.

 სარწყავი ლენტი პოლიეთილენისგან იწარმოება და სოფლის მეურნეობაში აქტიურად გამოიყენება. აღნიშნული სარწყავი სისტემა გამოყენებული წყლის რაოდენობას 60%–ით ამცირებს, ხოლო მოსავლიანობას კი 30%–ით ზრდის.

შპს „ევროდრიპს“  საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ  სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში ქალაქ თბილისში, ენუქიძის ქუჩა #12-ის მიმდებარედ  სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 5 435 კვ.მ. უძრავი ქონება საინვესტიციო ვალდებულებით გადასცა.

შეგახსენებთ, რომ 2018 წლის თებერვლის თვის მონაცემებით პროგრამის „აწარმოე საქართველოში“, კერძოდ ინდუსტრიული, სოფლის მეურნეობის, სასტუმროს და ქონების გადაცემის კომპონენტის ფარგლებში მხარდაჭერილია 402 პროექტი, რომელთა ჯამური ინვესტიციის მოცულობა 976 მლნ ლარზე მეტია. პროექტების განხორციელებით ჯამში  15 500- მდე ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება. 

ქობულეთში სოფელ ციხისძირში ახალი სასტუმრო-კომპლექსი მოეწყობა
დრო: 2018-10-05 15:06:43

ქობულეთში, სოფელ ციხისძირში წლების განმავლობაში ამორტიზირებული ინფრასტრუქტურის ნაცვლად, მალე ახალი სასტუმრო-კომპლექსი მოეწყობა. უძრავი ქონება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს  სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ პროექტი „50 ქონება შენი სასტუმროსთვის“ ფარგლებში პირობებიან ელექტრონულ აუქციონზე მაღალი კონკურენციის პირობებში 220 ბიჯით 810 000 ლარად გაყიდა. 

აუქციონის პირობების მიხედვით მყიდველი აღნიშნულ უძრავ ქონებაზე თანამედროვე სტანდარტების შესაბამის სასტუმრო - კომპლექსს მოაწყობს. საინვესტიციო პროექტი ხელს შეუწყობს ციხისძირში ტურისტული პოტენციალის კიდევ უფრო განვითარებასა და ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას.

შეგახსენებთ, რომ პროექტი „50 ქონება შენი სასტუმროსთვის“ მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოში ტურიზმის განვითარებას და ინვესტორებს მისცეს შესაძლებლობა ტურისტულად აქტიურ ზონებში, უკვე არსებული ინფრასტრუქტურის გამოყენებით მოაწყონ თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სასტუმრო-კომპლექსები.

პროექტის ფარგლებში უკვე გაყიდულია 21 ობიექტი, რომლის ჯამური ღირებულება დღეის მდგომარეობით 57 მილიონ ლარს აჭარბებს, ხოლო სასტუმრო–ინფრასტრუქტურის მოწყობის მიზნით განსახორციელებელი  ინვესტიციის მოცულობა – 120 მლნ ლარს.

სააგენტოს სერვისები უკვე MY.GOV.GE–ზეა ხელმისაწვდომი
დრო: 2018-09-19 00:09:00

ელექტრონული სერვისების ერთიანი პორტალის (MY.GOV.GE) საშუალებით თქვენ უკვე შეგიძლიათ სახლიდან გაუსვლელად ისარგებლოთ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2 სერვისით:1. სახელმწიფო ქონების სერვიტუტით დატვირთვაზე თანხმობის გაცემა; 2. ღიობების ტერასების, აივნების ან/და სხვა სამუშაოების განხორციელებაზე თანხმობის გაცემა.

შეგახსემებთ, რომ პორტალი წარმოადგენს საჯარო და კერძო სექტორში არსებული ელექტრონული სერვისების ერთიან ვებ-პორტალს, სადაც მოქალაქეებს „ერთი ფანჯრის პრინციპით“ შეუძლიათ მიიღონ სხვადასხვა ციფრული სერვისები. სააგენტო მომავალშიც გავაგრძელებთ მონაცემთა გაცვლის სააგენტოსთან აქტიურ თანამშრომლობას და მომხმარებელს პერიოდულად შევთავაზებთ დამატებით ელექტრონულ სერვისებს.

შეხვედრა აზერბაიჯანის რესპუბლიკის წარმომადგენლებთან
დრო: 2018-07-20 13:07:00

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროსთან თანამშრომლობის პროექტის  ფარგლებში,  მასპინძლობს აზერბაიჯანის ქონების სახელმწიფო კავშირის დელეგაციას, მისი თავმჯდომარის ბ-ნ კარამ ჰასანოვის ხელმძღვანელობით. ქართულ მხარესთან შეხვედრას ასევე ესწრებიან  გერმანიის ფინანსთა სამინისტროს, საქართველოში გერმანიის საელჩოს და აზერბაიჯანის საელჩოების წარმომადგენლები.

სამმხრივი შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა ისაუბრეს სახელმწიფო ქონების მართვისა და პრივატიზების სფეროში არსებული გამოცდილების გაზიარების საკითხებსა და სამომავლო თანამშრომლობის  შესაძლებლობებზე.

აღსანიშნავია, რომ  გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროსთან თანამშრომლობის პროექტი, რომელიც ხორციელდება გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით,  უკვე მესამე წელია მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში იმართება სემინარები და საინფორმაციო შეხვედრები სახელმწიფო ქონების მართვისა და პრივატიზების საკითხებზე როგორც საქართველოში, ისე გერმანიაში.

 

სოფელ ვაზისუბანში ყურძნის გადამამუშავებელი საწარმო აშენდება
დრო: 2018-07-20 10:07:00

გურჯაანის მუნიციპალიტეტში, სოფელ ვაზისუბანში შპს „ვაზისუბნის მამული“ ყურძნის გადამამუშავებელ საწარმოს ააშენებს, რისთვისაც სულ მცირე 2 500 000 ლარის ინვესტიციას განახორციელებს და ადგილობრივ მოსახლეობას დაასაქმებს.

შპს „ვაზისუბნის მამული“  სოფელ ვაზისუბანში 32 ჰა. სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს ფლობს, სადაც ვენახია გაშენებული. აღნიშნულ საწარმოში კომპანია საკუთარი ყურძნის გადამუშავებას უზრუნველყოფს, ამასთან, სოფელი  ვაზისუნბისა და მომიჯნავე სოფლების მოსახლეობასაც ექნება შესაძლებლობა მოახდინონ ყურძნის ჩაბარება.   

გაცნობებთ, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ გურჯაანის მუნიციპალიტეტში, სოფელ ვაზისუბანში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 15 729 კვ.მ. მიწის ნაკვეთი პირობიან ელექტრონულ აუქციონზე 84 000 ლარად გაყიდა.

 

 

სს „კურორტი ახტალა“ 3 760 000 ლარად გაიყიდა
დრო: 2018-06-28 10:26:58

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ პირობიან ელექტრონულ აუქციონზე რეკრეაციული, საკურორტო კომპლექსი – სს „კურორტი ახტალა“ 3 760 000 ლარად გაყიდა. კურორტი შპს  „გლობალ ვიქთორი ჯეორჯიამ“ შეიძინა.

საპრივატიზებო პირობის მიხედვით მყიდველმა უნდა უზრუნველყოს სულ მცირე 12 000 000 ლარის ინვესტიცია და 120 ნომრის მქონე სასტუმრო კომპლექსის მოწყობა, რომელიც უნდა მოიცავდეს ღია და დახურული ტიპის საცურაო აუზებს, რესტორნებს, სარეაბილიტაციო და გამაჯანსაღებელ ცენტრს, ასევე, სულ მცირე 50 ავტომობილზე გათვლის ავტოსადგომს. ამავე დროს, მყიდველმა სასტუმრო– კომპლექსში უნდა უზრუნველყოს სულ მცირე 50 ადამიანის დასაქმება და კურორტზე დასაქმებულთა 80%–თან, მათივე თანხმობის შემთხვევაში, შრომითი ურთიერთობის შენარჩუნება. 

ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით პროექტი „50 ქონება შენი სასტუმროსთვის“ ფარგლებში ეს უკვე რიგით მეოცე გაყიდული ობიექტია.  შეგახსენებთ, რომ აღნიშნული პროექტის ფარგლებში ჯამში გაყიდულია 57  მილიონ ლარზე მეტი ღირებულების უძრავი ქონება, ხოლო სასტუმროების ასაშენებლად განსახორციელებელი ინვესტიციის მოცულობა 121 მილიონზე მეტს შეადგენს.

სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსა და გერმანიის ფედერალური რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროს შორის თანამშრომლობა გრძელდება
დრო: 2018-06-12 12:34:07

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის ეკატერინე სისაურის ხელმძღვანელობით  სააგენტოს პრივატიზებისა და საწარმოთა მართვის სამსახურის თანამშრომლები მორიგი სამუშაო ვიზიტით  გერმანიაში, ქალაქ ბერლინში იმყოფებიან. ვიზიტის მთავარ მიზანს წარმოადგენს სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოების პრივატიზებასა და მართვასთან დაკავშირებული გამოცდილების მხარეებს შორის გაზიარება.

სააგენტოს დელეგაციას უმასპინძლებს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროს VIII დივიზიონის ხელმძღვანელი ქ-ნი პეტრა ვონ ვიკი, აღნიშნული ქვედანაყოფი პასუხისმგებელია სახელმწიფო ქონების მართვასა და განკარგვაზე გერმანიის რესპუბლიკაში. ვიზიტის ფარგლებში ასევე იგეგმება შეხვედრები სხვადასხვა უწყებების წარმომადგენლებთან პრაქტიკული გამოცდილების გაზიარების კუთხით.

 

„შვეიცარიული აგრარული სკოლა კავკასია“ დმანისის მუნიციპალიტეტში კოლეჯს ააშენებს
დრო: 2018-06-12 11:29:27

დმანისის მუნიციპალიტეტში, სოფელ სარკინეთში „შვეიცარიული აგრარული სკოლა კავკასია“,  შვეიცარული პროფესიული განათლების მოდელის მიხედვით  10 მოსწავლეზე გათვლილ კოლეჯსა და კამპუსს ააშენებს და 350 000 ლარის ინვესტიციას განახორციელებს.

კოლეჯის ძირითად მიმართულებას წარმოადგენს 16–დან 20 წლამდე სტუდენტებისთვის განათლების მიცემა  მეცხოველეობისა და რძის გადამუშავების მიმართულებით, რომელიც დაფუძნებული იქნება დუალური სწავლების პრინციპებზე.  ამასთან, ფერმერებსა და დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ექნებათ გაიარონ კვალიფიკაციის ასამაღლებელი მოკლევადიანი კურსები.  სტუდენტებს საშუალება ექნებათ ცოდნა მიიღონ მეცხოველეობაში, კვების მენეჯმენტში, რძის გადამუშავებასა და ყველის წარმოებაში.  პროექტის მიხედვით სოფელ სარკინეთში ასევე მოეწყობა ფერმა და აგრო-ტექნიკის ფარეხი.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ შპს „საზოგადოებრივი კოლეჯი „შვეიცარიული აგრარული სკოლა კავკასიას“ დმანისის მუნიციპალიტეტში, სოფელ სარკინეთში მდებარე უძრავი ქონება გადასცა.

აეროპორტის ტერიტორიაზე 120 ნომრის მქონე სასტუმრო აშენდება
დრო: 2018-06-12 11:26:35

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ პროექტი „50 ქონება შენი სასტუმროსათვის“ ფარგლებში პირობიან ელექტრონულ აუქციონზე ქალაქ თბილისში, აეროპორტში  მდებარე 12 653  კვ.მ –  1 851 000 ლარად გაყიდა.

საპრივატიზებო პირობის მიხედვით, შპს „ფუჯინ სილქ ფროფერთი“ აღნიშნულ უძრავ ქონებაზე სულ მცირე 120 ნომრის მქონე თანამედროვე სტანდარტებისა და ინფრასტრუქტურის მქონე სასტუმროს ააშენებს.

ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით პროექტი „50 ქონება შენი სასტუმროსთვის“ ფარგლებში ეს უკვე რიგით მეცხრამეტე გაყიდული ობიექტია.  შეგახსენებთ, რომ აღნიშნული პროექტის ფარგლებში ჯამში გაყიდულია 53 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების უძრავი ქონება, ხოლო სასტუმროების ასაშენებლად განსახორციელებელი ინვესტიციის მოცულობა 107 მილიონზე მეტს შეადგენს.